ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი 2015 წლიდან პოლონეთში მცხოვრებ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს „სისხლის აღებით" ემუქრება. სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დაუდოვმა განაცხადა, რომ თავის ძმებთან ერთად აუცილებლად იპოვის აბდურახმანოვს და შურს იძიებს.
საგულისხმოა, რომ დაუდოვი არ აპირებს ბლოგერის მოკვლას და ჰპირდება, რომ „საოცარი მეთოდებით გაამხიარულებს". ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბი ბი სი" იუწყება.
დაუდოვმა შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინტერნეტში მოისმინა აბდურახმანოვისა და რუსი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, მაქსიმ შევჩენკოს საუბრის ჩანაწერი, სადაც აბდურახმანოვი ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტს, 2004 წელს ტერაქტის შედეგად ადღუპულ ახმად კადიროვს ჩეჩენი ხალხის ღალატში სდებდა ბრალს. აბდურახმანოვმა თქვა, რომ სძულს ყველაფერი, რაც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას უკავშირდება.
ამჟამად, დაუდოვის მიმართვა აღარაა ხელმისაწვდომი, მაგრამ აბდურახმანოვმა ვიდეოს ასლი "YouTube-ის" საკუთარ გვერდზე ატვირთა.
„ოფიციალურად ვაცხადებ, ტუმსო, მე და ჩემი ძმები - შენ იცი, ვინ არიან ჩემი ძმები -იმ სიტყვებისთვის, რომელიც ახმად-ხაჯიზე თქვი, ოფიციალურად გიცხადებ „მოსისხლე მტრობას". მოვაგვარებთ ამ საკითხს მუსულმური წესების თანახმად.
„არ ვაპირებთ შენს მოკვლას, მაგრამ საოცარი მეთოდებით გაგამხიარულებთ. ამიერიდან, როდესაც დასაძინებლად დაწვები, დარწმუნდი, რომ კარი გასაღებით დაკეტე. როდესაც გარეთ გახვალ, ყურადღებით მიმოიხედე გარშემო. თუ მოულოდნელად უკნიდან წიხლს ამოგარტყამენ, იცოდე, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა," - თქვა დაუდოვმა ჩეჩნურ ენაზე თავის ვიდეომიმართვაში.
თავის მხრივ, აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ დაუდოვის მუქარის არ ეშინია, მაგრამ ხვდება, რომ რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ბლოგერის თქმით, მან მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ევროპის ტერიტორიაზე ე.წ. შემსრულებლებს ეძებს:
„მე ამ ქვეყანაში (პოლონეთში) არ მაქვს სტაბილური მდგომარეობა, შეიძლება, რომ ნებისმიერ მომენტში დამადეპორტონ. უფრო ფხიზლად ვიქნები," - თქვა აბდურახმანოვმა.
ცნობისთვის, აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს წავიდა პოლონეთში, მას შემდეგ, რაც კადიროვის ნათესავთან კონფლიქტი მოუვიდა. პოლონეთის მთავრობამ რამდენჯერმე უთხრა უარი აბდურახმანოვს თავშესაფარზე, რადგან მათი აზრით აბდურახმანოვის ყოფნა პოლონეთში სახელნწიფოსთვის სახიფათოა.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ აბდურახმანოვს ბრალი დასდო სირიაში უკანონო სამხედრო დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თავად ბლოგერი კი აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ იმ დროს, როდესაც ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოების აზრით ის სირიაში იყო, სინამდვილეში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმაც გააკეთა კომენტარი,
„მე არ გამიგია ამ განცხადების შესახებ არაფერი და არ მინახავს, ამიტომ, ალბათ, არ გავაკეთებ კომენტარს. არსებითად, თქვენ იცით, რომ სამართლებრივ სფეროში არ არსებობს „სისხლის აღების" მცნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეიძლება ჩაჯდება იურიდიულ სფეროში, რადგან ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ," - განაცხადა დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალიტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.