თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? – მე არ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეას გარეშე?! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებულ კითხვას.
მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, რა საკითხზე ჰქონდა თეა წულუკიანს განსხვავებული პოზიცია.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და ის დღის წესრიგში აღარ დგას.
„მინდა განვაცხადო, რომ თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, როდესაც ყალიბდებოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მას აქვს დიდი წვლილი იმ წარმატერბებში, რომელიც გვაქვს. არსებობდა ერთ-ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო მსჯელობა და ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაცაა, მოვახდინო საკითხის შეჯერება. საკითხი შეჯერებულია, აზრთა თანხვედრაა და ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე შესრულებულია თუ არა ულტიმატუმი და ეხებოდა თუ არა საკითხი ციხეების მართვას, მთავრობის მეთაურის თქმით – “ულტიმატუმს აქ არავინ აყენებს”.
მისი თქმით, საუბარი იყო კონკრეტულ პროფესიულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე.
“ეს ტერმონოლოგია არ შეესაბამება მართვის სტილს, რომელიც მე მაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ულტიმატუმს არავინ აყენებს. საკითხი ეხებოდა პროფესიულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას, მოხდა საკითხზე პოზიციების შეჯერება, გავითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკა და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება ამ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
თეა არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა იმ რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა ის პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მირ დასმული კითხვის საპასუხოდ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ განცხადება მან, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მინისტრის თქმით, პოზიციები სადაო საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულია, შესაბამისად ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.