„არ მინდა, რომ ჩემი განცხადებები იყოს პოლიტმოტივირებული, ან ანგაჟირებული”

„არ მინდა, რომ ჩემი განცხადებები იყოს პოლიტმოტივირებული, ან ანგაჟირებული”

მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ უმრავლესობის წევრი, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს მეტი სივრცე უნდა დავუტოვოთ ნდობისთვის, – ასე უპასუხა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას “დაუჭერს თუ არა მხარს „თიბისი ბანკის” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას”.

„არ მინდა, რომ ჩემი განცხადებები იყოს პოლიტმოტივირებული ან ანგაჟირებული. ყველა ასეთი მცდელობა, შემოიტანონ ყველა საქმე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე განხილვისთვის საგამოძიებო ორგანოების ავტორიტეტს და ნდობას ამცირებს. ამიტომ ვიდრე არ გვაქვს დედანი, რომელზეც შესაძლებელია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ვფიქრობ, მანამ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ნაადრევი. მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ერთი და ორი საქმე ხომ არ გვაქვს, წარმოიდგინეთ, 30 ათასამდე საქმე არის ყოველწლიურად, ანუ ეს როგორ გამოგვივა?! გარკვეულწილად ვაჩენთ პრივილეგირებულ საქმეებს. აქვე აღვნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უნდა გავუფრთხილდეთ საგამოძიებო ორგანოებს. რადგან ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების საგამოძიებო ორგანო და ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს ორგანოები იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.