ტოვებს თუ არა თეა წულუკიანი თანამდებობას? – მინისტრის პირველი მოადგილის კომენტარი

ტოვებს თუ არა თეა წულუკიანი თანამდებობას? – მინისტრის პირველი მოადგილის კომენტარი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

როგორც სარჯველაძე ამბობს, მას წულუკიანთან კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა. მისი თქმით, მინისტრთან მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა და გადადგომას ან მსგავს თემას საუბარი არ შეხებია.

„ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს. წულუკიანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის პოსტიდან საკუთარი სურვილით მიდის.