საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიზნესზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნები წინ გვაქვს და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მარტო საკუთარი ფულის ხარჯვას. ამიტომ, ბუნებრივია ბიზნესზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და არ ვიცით მოთმინება სანამ ეყოფათ, თუმცა ისიც უკვე გამოჩნდა, რომ ვიღაცების მოთმინების ფიალა აივსო და ასეთები კიდევ გამოჩნდებიან.
ახლა ხდება პატარა თოვლის გუნდის შეკვრა. ეს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს გუნდა თანდათან დიდდება. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, 2020 წელს შესაძლოა დიდი ზვავი მოაწყდეს და წალეკოს "ქართული ოცნება". საზოგადოებრივ განწყობებშიც შეინიშნება, რომ ძალიან ცოტა ჯგუფები დარჩა, ვინც "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ჩანს, რომ ქვეყანა ნელ-ნელა შედიამ რეჟიმში და ყველა ელოდება 2020 წელს, რომ რაღაც ცვლილება მოხდეს. ეს აშკარად შეინიშნება პოლიტიკოსების მხრიდან, ბიზნესის მხრიდან. თუნდაც ბოლო არჩევნები ამაზე მიუთითებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არ ჩანს არც ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესიც", - აცხადებს "რეზონანსთან" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.