ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა ბოდიში მოიხადა და "კავკასიის" ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. ქაშაკაშვილმა ბოდიში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების და სამოქალაქო აქტივისტების წინაშეც მოიხადა.
„კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს 500 კვადრატული მეტრი. მე უბრალოდ შევადარე, სამწუხაროდ, იმ რამდენიმე ათას კვადრატულ და ათი ათას კვადრატულ კილომეტრს, რომელიც იყო დაკარგული. ეკონომიკას ვადარებდით, სხვა და სხვა საკითხებზე ვსაუბრობდით და თქვენი ეს „500 კვადრატული მეტრი" არის ამოგლეჯილი აქედან.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. თქვენს წინაშე ვიხდი ბოდიშს, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ვერ აძოვებენ თავის საძოვარზე საქონელს. ძალიან ვწუხვარ თქვენს წინაშეც, მათ წინაშეც და ჩემი თანაგუნდელების წინაშეც, რომლებმაც აგრეთვე ძალიან მკაცრად გამაკრიტიკეს," - განაცხადა ქაშაკაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტებმა ქაშაკაშვილის კუთვნილ სასტიმროსთან დღეს პროტესტი გამოხატეს და სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს. ამ ფორმით მათ ქაშაკაშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, რომელიც მან ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით რუსებმა "ჰა, ჰა, ხუთასი მეტით გადმოწიეს საზღვარი."