გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეტევა მიმდინარეობს

გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეტევა მიმდინარეობს

გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეტევის მიტანა, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, საპარლამენტო განცხადებები პოლიტიკური პარტიებიდან ეს არის მცდელობა, გადაფარონ ძირითადი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლისთვის გაგზავნილ წერილზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გიორგი გახარიაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს.

„ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ამ ფურცელს დაარქვეს წერილი, რომელიც თითქოსდა გახარიას მიერ არის შედგენილი. რასაკვირველია, არც წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მომდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ „თიბისი ბანკზე" არ არის საუბარი, ეს არის ძალიან კომპეტენტური, საინტერესო ორგანიზაცია დიდი მსოფლიო ავტორიტეტით. აქ არის ლაპარაკი ცალკეულ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს პოლიტიკური კალაპოტით, მაშინ როდესაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, მნიშვნელოვანი ფინანსური საეჭვო ტრანზაქციები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი თემა", - აცხადებს გია ვოლსკი.