გლდანში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალი რამდენიმე პირმა დააყაჩაღა, „რეზონანსთან“ თვითმხილველები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 6-5 გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულმა ყაჩაღებმა წინ მძევლები აიფარეს, რომლის მეშვეობითაც ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს. ისინი პატრულის მიმართულებით ისროდნენ და პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ბანკის თანმშრომელმა საგანგაშო ღილაკზე ხელის დაჭერა და პოლიციის გამოძახება მოასწრო. პატრული ადგილზე ოპერატიულად მივიდა, განგაშის ხმაზე კი შეშინებულმა თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვეღარ მოასწრეს. ბანკში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბანკის ორსული თანამშრომელიც იყო. ადგილზე მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. „რეზონანსს“ მედიკოსებმა უთხრეს, რომ მისი მგდომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
"მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომობილით გადავაადგილდებოდი. მოულოდნელად ბანკიდან სამი ადამიანი გამოვარდა და წინ ხალხს იფარებდა. დავინახე პოლიციელები, რომლებიც უყვიროდნენ, რომ იარაღი დაეყარათ. შემდეგ ორმხრივი სროლა დაიწყო. თავდამსხმელებმა ერთი 6 ჯერ გაისროლეს. პოლიციამაც ცეცხლი გახსნა. მძევლები როგორც ვიცით თან არ წაუყვანიათ, უბრალოდ ტერიტორიის დატოვება მოასწრეს. მანქანიდან გადმოყარეს. ერთი მე მგონი გოგონა იყო. როგორც გავიგე ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოასწრეს. ბანკის თანამშრომლებმა საგნგაშო ღილაკი ჩართეს და პოლიცა მალევე მივიდა", - უყვება „რეზონანსს“ თვითმხილველი ანა გოგია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.