"ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე თავის მიმართვაში პოლიტიკოსებს აკრიტიკებს. ბიზნესმენის თქმით, ის არ არის გაჩერებული და უსამართლობის გამო იბრძვის, მაგრამ ამით არაფერი იცვლება.
"თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, გინდა ოპოზიციამ გინდა არა ოპოზიციამ ერთმანეთში კინკლაობით, გაუგებრობით. თქვენ გგონიათ თქვენი მეშინია? თქვენ მე მართლა ცხვარი ხომ არ გგონივართ", – მიმართავს ის პოლიტიკოსებს და დასძენს, რომ ბიზნესი ამ ყველაფრის გამო საკადრის პასუხს გასცემს.
"ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სახლებიდან გამოხვალთ და ბენზინგასამართ სადგურში ბენზინს ვერ ჩაასხამთ, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გონს მოეგეთ, გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას თქვენი გაგებით შემარჩენთ, ჩემი მისამართი ხომ იცით? სათავო ოფისი ხომ იცით, ყველა ჩემი საქმე ხომ იცით, ყველა ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, კაპიკს ვერ აიღებთ ჩემგან", – აცხადებს სოფრომაძე.