„კობახიძეს ვიღაცა რაღაცას ჩაუგდებს მესიჯბოქსში, ესეც კამერასთან დადგება და იმას იტყვის“

„კობახიძეს ვიღაცა რაღაცას ჩაუგდებს მესიჯბოქსში, ესეც კამერასთან დადგება და იმას იტყვის“

„ამ ქვეყანაში მესიჯბოქსის ჩრდილოვანი მმართველობაა. კობახიძეს ვიღაცა რაღაცას ჩაუგდებს მესიჯბოქსში და ესეც კამერასთან დადგება და იმას იტყვის. მესიჯბოქსის ქვეყანა გახდა. ვიღაც მესამეხარისხოვანი კლერკი ზის სადღაც, მესიჯბოქსში რაღაცას უგდებს და პარლამენტის თავმჯდომარე ტყვიასავით ამას იმეორებს. ამაზე კომენტირება შეუძლებელია," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას.

კობახიძემ მამუკა ხაზარაძის ქმედება ზაზა ოქუაშვილისას შეადარა და აღნიშნა, რომ ოქუაშვილმა როგორც დაამთავრა, ყველასთვის ცნობილია.

„აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ ალბათ ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მლნ ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურისთვის ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილი შესაბამისი ორგანოს გამოძიების საქმეს წარმოადგენს, თუმცა ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა მოახდინოს და არა იგნორირება.

„მჯერა-არმჯერა ტერმინოლოგიით ასეთ ბრალდებებზე საუბარი შეუძლებელია. ამას სჭირდება შესაბამისი გამოძიება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვიღაცა აპელირებს უდანაშაულობის პრეზუმპციაზე, რაც სრული აბსურდია, რადგან ხელისუფალი ჩვეულებრივი მოქალაქისაგან იმით განსხვავდება, რომ სანამ ხელისუფლებაშია, უდანაშაულობის პრეზუმპციით არ სარგებლობს.

„იმ ვალდებულია საზოგადოება დაარწმუნოს და დაუმტკიცოს მას, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენი ხელისუფლება ამ უმარტივესი დემოკრატიული პრინციპის იგნორირებას აკეთებს და ათას სისულელეს ჩმახავს. მტკიცების ტვირთი ყოველთვის ხელისუფლებაზეა. ეს არის როგორც ორჯერ ორი ოთხი. ასეთ კატასტროფაში ვართ და ცდილობენ, რომ საქმე საერთოდ აიცილონ.

„კონკრეტულ თემებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რადგან მიდის სისტემის გამოფიტვის და ნგრევის პროცესი. თიბისი ბანკი მარტო ხომ არ არის? ყველა მიმართულებით პრობლემებია და უცილობელი კატასტროფით დასრულდება, პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის." ქვეყანა დაზიანდება, მაგრამ მათთვის დასრულდება კატასტროფით," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.