მძიმე კრიზისისა და შიდა დაპირისპირების შემდეგ, „ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს. მმართველმა გუნდმა უცხოური კომპანია უკვე შეარჩია. ახალი სახეების მოძებნა კახა კალაძეს დაევალა.
გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ უცხოელი კონსულტანტები მათ საზოგადოებასთან ურთიერთობაში დაეხმარებიან.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა განახლებაა. რაც შეეხება უცხოელი კონსულტანტების დაქირავებას პარლამენტის სპიკერი ფაქტს არ ადასტურებს.
კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების" განახლება პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„გუნდის განახლებაზე საუბრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, ასევე მოგვიანებითაც არაერთხელ უსაუბრია მას ამაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
"რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ამ შერჩევის პროცესში, მაგრამ რაც შეეხება კომპანიას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.