„ჩვენ დავაანონსეთ, რომ პარტია განახლდებოდა და შესაბამისად, იმუშავებდა განახლებასა და ახალი კადრების მოზიდვაზე. ეს პროცესი ახლა „წარმოებაში ჩაეშვა." კერძო კომპანია, რომელსაც დავალებული აქვს, ეს უკვე ჩვენი შიდა საქმეა," - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება" პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობს.
ზოიძის განცხადებით, ნებისმიერი პერსპექტიული ახალგზარდისთვის, ვისაც ამ პროცესში ჩართვის სურვილი ექნება, პარტიის „კარები ღიაა" და შესაბამისად, ჩატარედება გასაუბრება, რომლის მიხედვითაც „ოცნებაში" ახალი კადრების მიღება განხორციელდება.
„ახალგაზრდების და გამოცდილი პროფესიონალების მოზიდვაზე ვმუშაობთ. ვისაც სურვილი ექნება, რომ სახელმწიფოსა და პარტიას ემსახუროს, ყველა ასეთ ადამიანთან მუშაობას ვაპირებთ იმისათვის, რომ 2020 წლისთვის პარტია განახლებული სახით წარდგეს. თუ ვინმეს აინტერესებს, პერსპექტიულ ახალგაზრდებს და გამოცდილ პროფესიონალებს, შეუძლიათ ამ მუშაობაში ჩაერთონ, კარები ღიაა და შეუძლიათ მიმართონ პარტიას. ჩვენ გახსნილი ვართ. იქნება გასაუბრებები, საბუთების მიღება და რაც არის ჩვეულებრივად, კადრთა მუშაობის პროცესი," - განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
სახელისუფლო პარტიაში რეკრუტირების პროცესი დაიწყო; პარტიის ლიდერებს, მათ შორის დეპუტატებს დავალება აქვთ უკვე მიღებული, კვალიფიციურ ადამიანებს რეკომენდაცია გაუწიონ, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ. ამასთანავე, მითითება მიეცა პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, ასეთ კადრებს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ამას პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაცია ახორციელებს. ახალ, ძლიერ, პატიოსან და კვალიფიციურ კადრებს პარტია თანამშრომლობას სთავაზობს. პარტია ასეთი ხალხის მოზიდვაზე გასულ წელსაც მუშაობდა. ბუნებრივია, შეთავაზებას ბევრი არ მიიღებს, რადგან ამ უმადური საქმის კეთების სურვილი ყველას არა აქვს, თუმცა ზოგი ჩაერთვება," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ საპარლამენტო უმრავლესობიდან.
ამასთანავე, სააგენტო იუწყება, რომ "ქართულ ოცნებაში" ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს აქვს ჩაბარებული. არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული.
პოლიტიკა და კადრების მოზიდვა პარტიის საორგანიზაციო განყოფილების /ბიუროს, სამსახურის დან დანაყოფის/ ფუნქციაა და არა კერძო კომპანიის!