13,2 მილიონიანი დაფინანსება - უნივერსიტეტი, რომელმაც რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

13,2 მილიონიანი დაფინანსება - უნივერსიტეტი, რომელმაც რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს სახელმწიფომ ბოლო 6 წელში 13,2 მილიონი გადაურიცხა- ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია აღნიშნულ უნივერსიტეტსა და რუსულ დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის​ გაფორმებულ მემორანდუმზე, ასევე უნივერსიტეტის რექტორის,  სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის პრორუსულ განცხადებებზე:

"საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს სახელმწიფომ ბოლო 6 წელში 13,2 მილიონი გადაურიცხა;

უნივერსიტეტის რექტორი რუსეთის ტროლების ფაბრიკაში წარმოებული ყალბი ამბების გავრცელებაშია ჩართული;

სპირიდონისთვის მიუღებელია ოკუპანტი რუსეთის კრიტიკა, რადგან მისი აზრით, ეს ასუსტებს მართლმადიდებლობას და მოგვიწოდებს ვილოცოთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებისთვის.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობისა და რუსულ დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა მოაწერა, რომელიც ამავდროულად ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. რუსული მხრიდან შეხვედრას ასევე უნივერსიტეტის რექტორი და პრორექტორი ესწრებოდნენ.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მკვეთრად პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მისთვის მიუღებელია ოკუპანტი რუსეთის ნებისმიერი სახის კრიტიკა, ვინაიდან მისი აზრით, ეს ასუსტებს მართლმადიდებლობას.

მთავარეპისკოპისი ჩართულია ანტიდასავლურ პროპაგანდასა და რუსეთის ტროლების ფაბრიკაში წარმოებული ყალბი ამბების გავრცელებაში, მაგალითად, ავრცელებს ყალბ ამბავს, თითქოს ბრიტანეთში მამა/დედა-შვილს შორის ქორწინება დაკანონებულია და ა.შ.

სპირიდონი მოგვიწოდებს ვილოცოთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის გაერთიანებისთვის.

იმ უნივერსიტეტს, რომლის რექტორიც მთავარეპისკოპოსი სპირიდონია, საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 2 500 000 ლარით აფინანსებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტი 13 161 700 ლარით დააფინანსა." ნათქვამია "ფლაგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფრორმაციაში