"არ უყიდოთ 17 წლის შვილს ავტომობილი, ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ"

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე შემდეგი სახის მიმართვა ავრცელებს:

"მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.

ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ. დაფიქრდით მშობლებო! გუშინ 3 ნასვამი 17-18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში შინდისში, 150-ით ჩაიარეს სოფლის ცენტრი…“, - წერს შალვა ოგბაიძე და დასძენს, რომ ახალგაზრდისთვის ავტომანქანის გასართობად ყიდვა დანაშაულია.

"მე აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ახალგაზრდამ თვითონ უნდა შეაგროვოს ფული ავტომობილის შესაძენად. როდესაც ახალგაზრდისთვის გასართობად ყიდულობს მშობელი, დანაშაულად მიმაჩნია", - წერს შალვა ოგბაიძე.