„მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატმა დასაწყისში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს სტაგნაციას განიცდის“, - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია საქართველო-რუსეთს შორის აბაშიძე-კარსინის მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორშაბათის სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქნება, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კომიტეტის წევრებს გააცნობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კრასინთან პრაღაში 27-28 თებერვალს გამართული შეხვედრის დეტალებს.
„მიუხდავად იმისა, რომ თავიდანვე აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეზღუდული იყო, თუმცა, მანდატით გათვალისწინებულ ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ საკითხებში, დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. დღეს მრჩება შთაბეჭდილბა, რომ ეს ფორმატი სტაგნაციას განიცდის, საკუთარი თავი ამოწურა და მხარეები მიადგენ წითელ ხაზებს, რის იქითაც მოძრაობა არ შეუძლია.
„თეორიულად ეს მანდატი საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულად რუსეთი ცდილობს ეს ფორმატი სათავისოდ გამოიყენოს - ეს არის პრობლემა. ანუ, ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური საკითხების წინ წამოწევას და განცხადებებსაც აკეთებს. ვნახეთ კარასინის ბოლო განცხადებაც, ეს ფორმატი კი ასეთი სახის რიტორიკას არ ითვალისწინებს.
„ჩემი აზრით, ნებისმიერ ქვეყანასთან შეიძლება დიალოგი, მაგრამ ამ ფორმატში ქართული მხარე პირისპირ რჩება რუსეთის მხარესთან, რომელიც ცდილობს ყველა თავისი ბერკეტი აამოქმედოს, რასაც ვერ ახერხებს ჟენევის ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან საერთაშორისო წარმომადგენლები და საკითხების დაბალანსება ხდება.
„გასაუქმებელია თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვერ გეტყვით, ეს პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ. თუმცა, ჩემი აზრით, ფორმატი კრიზისშია“, - განაცხადა „რეზონანსსთან“ კორნელი კაკაჩიამ.