რა წერია ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის

რა წერია ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის "შთამბეჭდავ" ქონებრივ დეკლარაციებში?

მოსამართლეების ქონებას რომ ითვლით, იქნებ ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის შთამბეჭდავი ქონება მოგეკითხათო - გვირჩია ჟურნალისტებს ყველასათვის ცნობილმა და სკანდალურმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, რომელიც, ეკა ბესელიას თუ დავუჯერებთ, სწორედ სკანდალური მოსამართლეების ლობისტია პარლამენტში და ჩინჩალაძე-მურუსიძის მოსამართლეთა კლანის წევრების ძმაკაცი, ამხანაგი, ნათელ-მირონი, თანამებრძოლი და  გულშემატკივარია.

დავინტერესდით და დოლიძე-ჯანეზაშვილის დეკლარაციებში "შთამბეჭდავი ქონების" მოძიება დავიწყეთ.

აღმოჩნდა, რომ იუსტიციის არამოსამართლე წევრების ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის ქონება და შემოსავლები არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

როგორც ანა დოლიძის ბოლო დეკლარაციიდან ხდება ცნობილი, მის მფლობელობაში ორი საცხოვრებელი სახლია. ერთი - ნიაბის ქუჩაზე მდებარე  140 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დოლიძეს 2016 წელს შეუძენია და მეორე  - 2003 წელს შეძენილი ბინა, რომელიც დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე  მდებარეობს და მისი საერთო ფართი 60 კვ.მ.-ია.

ანა დოლიძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც იგი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 103,211 ლარი. გარდა საჯარო სამსახურისა, დოლიძე სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებსაც კითხულობს. მისი დეკლარაციის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წლის 1 იანვრიდან  ამავე წლის  31 დეკემბრის ჩათვლის ხელფასის სახით 8640 ლარი აქვს მიღებული. ასევე დოლიძეს ჰონორარის სახით მიღებული აქვს 16,434 ლარი  და დეკლარაციის შევსების მომენტში   "თიბისი ბანკის” ანგარიშზე 1346 ლარი ჰქონდა.

ასე გამოიყურება ანა დოლიძის "შთამბეჭდავი" ქონება.

რაც შეეხება იუსტიციის მეორე არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მან 2019 წლის პირველ იანვარს შეავსო, ასე გამოიყურება:

პირადად ნაზი ჯანეზაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 2014 წელს,  სოფელ დიღომში შეძენილი 175,27 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 61 707 ლარად არის შეფასებული. ასევე, მის სახელზეა გაფორმებული  იგივე მისამართზე არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ნაზი ჯანეზაშვილის მეუღლე, დავით გაბისონია კი ფლობს 20,96 კვ.მ. ფართის ბინას ბაგებში, რომელიც მას, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს, გადაეცა  2013 წელს. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის მეუღლე ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს აბაშის რაიონ სოფელ მარანში, რომელიც   2015 წელს  22 608  ლარად აქვთ შეიძინა.

ქონებრივ დეკლარაციაში ჯანეზაშვილს მითითებული აქვს თანხა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახელფასო ანაზღაურების სახით მიიღო 2017 წელს და ის  41 590,91 ლარს შეადგენს.

ნაზი ჯანეზაშვილს კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 923, 15 ლარი.

ჯანეზაშვილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჰიუნერტ ჰანფრის სახელობის სტიპენდია 12, 128 დოლარიც მიუღია.

ჯანეზაშვილის დეკლარაციიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ მას მეუღლემ ორი ძვირადღირებული სამკაული აჩუქა,  რომლის საერთო ღირებულამ 2200 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნაზი ჯანეზაშვილს საბანკო ანგარიშზე 31 095, 43 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მისი მეუღლის შემოსავლებს - დავით გაბისონია გამოცემა "ლიბერალის" თანამშრომელია და მას გასულ წელს ხელფასის სახით  23 241 ლარი აქვს მიღებული.

ასე გამოიყურება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ყველაზე ნერვების მომშლელი ქალბატონების ქონებრივი დეკლარაციები, რომელიც ვანო ზარდიაშვილის შეფასებით შთამბეჭდავია.