იანეთში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი, 35 წლის ლერი მათელური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სწრაფად მიმავალი ავტომობილი, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, პოლიციელს დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა.
როგორც დაღუპულის მეგობარი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსს" უყვება, მანქანა იმდენად დიდი სიჩქარით მოძრაობა, რომ ლერი მათელური საკმაოდ დიდ მანძილზე გადაადგო.
"ლერი ჩემი დიდი ხნის, ძალიან ახლო მეგობარი იყო. რამდენადაც ვიცი გაჩერებული ავტომობილის მძღოლს ეხმარეობა, რა დროსაც ძალიან დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ საკმაოდ შორს გადააგდო და ადგილზევე გარდაცვლილი იპოვეს. მძღოლი ნასვამი იყო და როგორც ჩანს ძალიან ძლიერად. სხვა შემთხვევაში ადამიანი აკონტროლებს სიტუაციას.
"ლერის მამა გულის პრობლემები აქვს და ახლა არ ვიცი როგორ იქნება. ჰყავს ძმა, რომელიც არის რეკორდსმენი. ძალიან კარგი ოჯახი. ძალიან კარგი ადამიანი იყო ლერი. ჩემს სახლ-კარს აქცევდა ხოლმე ყურადღებას. შარშანწინ ლერიმ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მე დოქტორანტურაზე და ვხუმრობდით კიდეც "სიბერეში" სტუდენტები გავხდითო. მოწადინებული ადამიანი იყო. ყველა დიდი პატივს სცემა. ვფიქრობდით, რომ ძალიან დიდ მომავალი ექნებოდა. ძალიან ებრძოდა ცხოვრებას. უნდოდა კიდევ ახალი პროფესიის შეძენა, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა", - ამბობს გამზარდია "რეზონანსთან".
ბრალდებულის სახით დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მძღოლი - ზ.ბ. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.