პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი პარტია „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საუბარი შეეხება ვიდეოს სათაურით „პარლამენტარის ჯგუფური სექსი," რომელიც გუშინ ჯაფარიძემ მათიკაშვილს ელ.ფოსტაზე გაუგზავნა. ხოლო ჯაფარიძე, თავის მხრივ, სქრინის სახით აქვეყნებს მტკიცებულებას და მოითხოვს კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რატომ იჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო დაიჭირეს და არ იჭერენ მათიკაშვილს?
მათიკაშვილის განცხადებით, ელ.ფოსტაზე ბმულის მიღების შემდეგ მან პოლიციას მიმართა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა გახსნილი ბმული. მისი თქმით, ჯაფარიძის პროვოკაცია არ შედგა. აცხადებს, რომ ჯაფარიძემ ამ ფაქტის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას დარღვეული უფლების აღსადგენად.
„27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე, პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს პერსონაჟი - პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი. ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას.
„ეს ხუმრობა არ არის, ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ საბოლოოდ ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამას წინ უძღოდა ჯაფარიძის ფეისბუქპოსტი ასეთი შინაარსით: „გუშინწინ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე, აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ გადმოქაჩა და უყურა".
ამ საკითხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დავით მათიკაშვილმა ამორალური შინაარსის მქონე ელექტრონული ფოსტა მიიღო და მას დააბრალეს ის, რაც არ გაუკეთებია.
„დეპუტატი დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ცილისწამების მსხვერპლი. დააბრალეს ის, რაც არ გაუკეთებია. კერძოდ, დავით მათიკაშვილმა სავარაუდო ამორალური შინაარსის მქონე ელექტრონული ფოსტის მოსვლისთანავე მიმართა პოლიციას და სწორედ სამართალდამცავებმა გახსნეს ეს ფოსტა," - წერს სოფო კილაძე.