„მინდა, ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, სადაც ერთი მოქალაქე, მიუხედავად რეგალიებისა იქნება მნიშვნელოვანი.რიგითები ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი…“, – ამის შესახებ იურისტმა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ განაცხადა.
„როცა უფლებადამცველს მეძახიან, ყოველთვის ვაპროტესტებ, რადგან ვფიქრობ, ძალიან ხმამაღალი სტატუსია, როცა შენ გქვია – უფლებადამცველი. ვხუმრობ ხოლმე, რომ ნელსონ მანდელა იყო უფლებადამცველი. მე აქტიური მოქალაქე ვარ და ვცდილობ, პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვიყო. ხაზგასმით ვამბობ, რომ მე ვარ ერთი მოქალაქე და არა, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის, ან პარტიის წარმომადგენელი… მოქალაქე ვარ, სოფიო ხორგოანი. ერთი მოქალაქე ეს უკვე მნიშვნელოვანია. მინდა, ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, სადაც ერთი მოქალაქე, მიუხედავად რეგალიებისა, იქნება მნიშვნელოვანი. ცნობილ ფილმში რომ არის – „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ , იყოს რიგითი ჯაჯანიძის გადასარჩენად, რიგითი ხორგუანის გადასარჩენად და ასე უმრავი… რიგითები ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი… – მინდა, ასეთი სახელმწიფო გვქონდეს“, – აღნიშნა სოფიო ხორგუანმა გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუში.