ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ ორი კვირის წინანდელი განცხადება სიტყვა-სიტყვით გაიმეორა.
მისი თქმით, ამ საქმეს არ ეშვებიან, რადგან ესაა პროპაგანდისტული ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა.
მისივე განცხადებით, ანაკლიის პროექტს სერიოზული საფრთხე ემუქრება და დიდი ალბათობით, არ განხორციელდება.
"ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედება დავინახეთ. პროკურატურა საქმეს ფულის გათეთრების კვალიფიკაციას აძლევს, რასაც ფულის გათეთრებასთან არანაირი შეხება არ აქვს და ამ იარლიყით არც ერთი სერიოზული ინვესტორი ანაკლიის პროექტს არ გაეკარება. ეს ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატია. ვთქვათ, გამოძიების გარეშე, ეს დანაშაულია, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა შეაფასა, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის დანაშაული, დააჯარიმა და თანამდებობიდან გადააყენა "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მთავარი პროკურატურა კი აფასებს, როგორც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და მას ფულის გათეთრების კვალიფიკაციას აძლევს. როცა ასეთი უმძიმესი ვერდიქტია, ეს ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ამას ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორები უყურებენ. რამდენიმე წამში ინფორმაცია "ბლუმბერგში“ დაიდება. ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად. ეს არის კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულება. ღვინისა და მწვანილის იმპორტი ერთხელ უკვე აკრძალეს და ანაკლიის პორტი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან არის დაცვა, რადგან ეს პროექტი ნატო-ს ჯარის დგომას უტოლდება იმ ტერიტორიაზე. ანაკლიის პორტს აქვს არამხოლოდ ეკონომიკური, ფინანსური, გეოპოლუტიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური დატვირთვა. ეს არის რუსეთის სამიზნე და დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შანტაჟს ემორჩილება. პროკურატურა კარასინის საპასუხოდ იმავე ტექსტით გამოდის და ეს რუსეთის ხელისუფლებისადმი გზავნილია, რომ მათ მოთხოვნას მორჩილად ასრულებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.