პაატა ღაძაძე 10 წლის წინანდელი ტრანზაქციას ვერ იხსენებს

პაატა ღაძაძე 10 წლის წინანდელი ტრანზაქციას ვერ იხსენებს

გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დასახელებული კიდევ ერთი პირი,  "თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ღაძაძე, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ 10 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

"ვერაფერს გეტყვით, ეს ათი წლის წინანდელი ტრანზაქციაა, არაფერი მახსოვს",- განაცხადა ღაძაძემ.

შეგახსენებთ, დღეს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა რომელზეც პროკურატურამ საქმის დეტალების შესახებ გააკეთა განცხადება. პროკურატურის ცნობით, ამ საქმეში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილი პირი საქართველოს მოქალაქე პაატა ღაძაძე წარმოადგენდა, რომელიც "სამგორი M’’-ზე და "სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას "თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა "თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

ცნობისთვის, პაატა ღაძაძე "თიბისი ბანკს“ 1994 წელს შეუერთდა და 1996 წელს დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა კი 1998 წლიდან ეკავა.

ღაძაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის პირველ  იანვრამდე იკავებდა. მან 2019 წლის პირველი იანვრიდან "თიბისი ბანკის“ ტოპმენეჯმენტი დატოვა.

"თიბისი ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ღაძაძემ  საქმიანობა "თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე გააგრძელა.