„ამ პროცესს ჰქვია „ჭირმა მალა, მალა და თავი ვერ დამალა," - რა იყო ეს ჭირი? ეს ჭირი იყო სხვადასხვა ღირებულებების მქონე ადამიანების ერთად შეკრება იმ აუცილებელი კონსულტაციებით, რომელიც საჭიროა, რომ თანამოაზრეთა გუნდი ჩამოყალიბდეს, ან თუ თანამოაზრეთა არა, მაშინ მმართველობის სისტემა მაინც იყოს ისეთი, რომელიც სიკეთეს გამოიღებს - განსხვავებული ღირებულებების ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაციის სისტემას მოიფიქრებს, რაც ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის პრობლემაა, შემდეგ კი ამ სისტემას წარმატებით განახორციელებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.
„ქართული ოცნებისგან" გამოყოფის პროცესი გრძელდება; „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" გამოეყოფიან იმისათვის, რომ ხალხს აჩვენონ თუ რას არ აკეთებს „ოცნება" და რაშია განსხვავება. მისი თქმით, უმრავლსეობაში მათი ყოფნის რესურსი იწურება.
„მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება ერთ ადგილზეა გაჩერებული, რადიკალური ცვილებებია საჭირო. ბიუჯეტთან დაკავშირებით მივმართეთ, თუმცა არ მოხდა ჩვენი წინადადების დაკმაყოფილება. ჩვენ მოვითხოვთ, რევოლუციურ ცვილებებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში.
„რას არ აკეთებს „ოცნება", თუ რაშია განსხვავება ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, ამიტომ, უნდა გამოვეყოთ „ოცნებას". დარჩენილია ტექნიკური გაყრა, დანარჩენი გადაწყვეტილია. არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" და „ევროპულ საქართველოსთან", დანარჩენ ყველა ჯგუფთან ვითანამშრომლებთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
რომან კაკულიას თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაში" მიდის „ბუნებრივი პროცესი," თუმცა ამას შესაძლოა არაჯანსაღი და „კონტექსტიდან ამოგლეჯილიც" ეწოდოს.
„ჩვენთან ასე მოხდა - განსხვავებული ღირებულებების ადამიანები ერთმანეთს ვერ დაელაპარაკნენ და ახლა მიმდინარეობს ბუნებრივი პროცესი, ერთნაირი ღირებულებების მქონე ადამიანები ერთმანეთს მოძებნიან.
„ჩვენ, ქართველები ვერასდროს ვსწავლობდით შეცდომებზე და სანამ თავი არ გაგვიტყდებოდა, ისე ვერ ვხდებოთ, რომ რაღაცა გვხვდება თავში.
„ეს პროცესი მიმდინარეობს და გამოცდილების გათვალისწინებით, ალბათ ცუდი პროცესი არ არის. ყველა ასე აფასებს ამას, რომ დადებითი პროცესია - „ვაშა, გადავრჩენილვართ მეგობრებო." თავად პროცესი ნამდვილად დადებითია, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროცესს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ განვიხილავთ. „ქართული ოცნება" თუ დაიწმინდება, შიგნით რაღაც ტრასფორმაციას მოახდენს, ამისთვის დადებითი პროცესია, მაგრამ საერთო პროცესი რამდენად დადებითია, „ქართული ოცნების" რეიტინგი თუ პოპულარობის დაკარგვა, ამას რა მოყვება და საერთოდ, ქვეყანა რას მიიღებს - ეს სხვა საუბრის თემაა," - განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ოთხშაბათს ზვიად კვაჭანტირაძე გამოეყო პარტიას. რამდენიმე დეპუტატი კი პარტიიდან წასვლას აანონსებს.