მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და ერთმანეთის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებისა, 20 ოპოზიციური პარტია ერთიანდება ფორმატში „ყველა მინუს „ქართული ოცნება“ და თანხმდება, რომ აუცილებლია ერთობლივი მოქმედება, რათა შეიცვალოს საარჩევნო გარემო.
მათი შეფასებით, თუ ხელისუფლება მილიონი ადამიანის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ცუდად დაამთავრებს.
როგორც „რეზონანსთან“ პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ოპოზიცია სწორ ნაბიჯებს დგამს და ეს ერთობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს.
„არ ვიცი, რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“, ან რისი იმედი აქვს, როცა ასეთი წინააღმდეგობა არსებობს ამ საკითხთან მიმართებით და მაინც ჯიუტად ცდილობს, თავისი გაიტანოს. არადა, „ოცნებას“ თავად შეეძლო ამის ინიცირება, თუმცა არც ახლაა გვიან და ვურჩევდი, რომ თავად მოახდინონ ცვლილება.
„რაც შეეხება ოპოზიციის პესრპექტივას, ოპოზიცია სწორ ნაბიჯებს დგამს და იმედია, რომ ბოლომდე ასე გააგრძელებს, წითელ ხაზებს არ გადავლენ, რევოლუციაზე ლაპარაკის გარეშე თავს დაანებებენ „მფრინავი ჰოლანდიელის“ იმედს, რადგან ვინც რევოლუციის მომხრე არ არის, ის პარტიები გამოეთიშებიან.
„იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება მათ მოთხოვნებს, და ალბათ ასეც იქნება, ან შეეცდება ოპოზიციის შიგნით განხეთქილების შეტანას, ამან ოპოზიცია არ უნდა გააწბილოს, მათ ერთობა უნდა შეინარჩუნონ და წავიდნენ პროპორციული არჩევნებისკენ," - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.