„არც საუბარი და არც რაიმე კონსულტაცია არ მიმდინარეობს. ამ თემაზე არავითარი დისკუსია „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის, რადგან უმცირესობის საკითხი მეასე ხარისხოვანი თემაა და ამ შემთხვევაში, უმცირესობა გვექნება თუ არ გვექნება, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელის შემშლელი არ არის. ფრაქცია გვაქვს, საკმარისი დრო და რესურსი გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გადინების ფონზე, „ევროპული საქართველო" შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩეს. ამ სტატუსის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, თუკი „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში გაერთიანდებიან.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გაერთიანებაზე საუბარი არ მიდის, თუმცა ამის აუცილებლობის დადგომას თეორიულად არ გამორიცხავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, თეორიულად, არც კონსულტაციებს, მაგრამ ამ წუთში დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. თეორიულად შეიძლება მოხდეს, არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს. ჩვენთვის ეს მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა არ არის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.