„სამი ადამიანის წასვლას დაშლას ვერ დავარქმევ. მიდის პროცესი და ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი პროცესი და ამას ალბათ მალე დავინახავთ“, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მმართველ პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.
„ბიძინა ივანივშილთან შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ სულ სხვა საკითხზე. პარტიულ და ორგანიზაციულ საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია. „ოცნების“ წევრი არ გახლავართ და ჩემი საქმე არ არის რა ხდება პარტიაში.
„მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საპარლამენტო ქვეყანა გულისხმობს აზრთა ჭიდილს და არა იმას, რაც ჩვენს უახლოეს წარსულში ხდებოდა, სააკაშვილის დროს, ბელადი რასაც იტყოდა ფარა რომ უსიტყვოდ თანხმდებოდა. დღეს ასე ნამდვილად არ არის და არის სიტყვის თავისუფლება.
„ეს პანიკა, რომელიც ატყდა, უსაფუძვლოა და სამი ადამიანის წასვლას დაშლს ვერ დავარქმევ. რა ფორმით დარჩებიან, არ ვიცი, მაგრამ ბევრი ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის აუცილებლობა არც დგას.
„პარტიაშიც მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით არ ვიცი რა ხდება, თუმცა „ოცნება“ თავიდანვე ეკლექტური გაერთიანება იყო, რევოლუციურ ტალღაზე მოსული ადამიანების გაერთიანება. როგორც პარტია „ოცნება“ ახლა ყალიბდება. მიდის პროცესი, არ არის ცუდი პროცესი და ამას ალბათ მალე ვნახავთ.
„ოცნებაში“ ბევრი გონიერი და პრინციპული ადამიანია და ყველაფერი დალაგდება. მოსაზრებას, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის დიდი მოლოდინიც არის საზოგადოეაში, „ოცნების“ წიაღშივე შეიქმნას... რატომაც არა, სავსებით შესაძლებელია. რა სახელს დაარქმევენ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გოგა ხაინდრავამ.