პრაღაში, სასტუმრო “ავგუსტინერში” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
"ჩემი მესიჯი არის იგივე – მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
რუსი დიპლომატი არ აკონკრეტებს, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.
პრაღის შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. საუბრის ერთერთი მთავარი თემაა საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესრულება, ზურაბ აბაშიძის განცხადებით „სუბიექტურ და ობიექტურ“ სიძნელეებს აწყდება.
ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ამასწინანდელ შეხვედრაზე მან მმართველი პარტიის ლიდერი „საქმის კურსში ჩააყენა პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე“