უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. "კანონიერი ქურდების" დევნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს. კაკაბაძის თქმით, ადამიანების ქვეყნიდან განდევნა და დაპატიმრება დაუშვებელია, თუ მათ რაიმე სახის დანასაულებრივი ქმედება არ უმტკიცდებათ. მისი თქმით, დღეს საქართველოში "კანონიერ ქურდებს" ძირითადად მხოლოდ მათი მრწამსის და სტატუსის გამო დევნიან.
"მე რომ შევქმნა დედოფლების გაერთიანება, ყველა ქალი, ვინც თავს მოიაზრებს დედოფლად გაერთიანდეს ჩემთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ ვინმემ ტახტი დაგვიდგას?! თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვართ დედოფლები და ვაზროვნებთ დედოფლებივით, ეს შეიძლება დანაშაული იყოს? თუ ვინმეს არ ვძალავ რამეს, დანაშაულს არ ჩავდივარ, რა მნიშვნელობა აქვს გარკვეულ წრეში რა სტატუსს მომანიჭებენ, იქნება ეს დედოფალი, თუ "კანონიერი ქურდი"?!
თუ ადამიანი არ სჩადის დანაშაულებრივ ქმედებას, ან უმოქმედობას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია (რაც ასევე დანაშაულია) სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია მისი უფლებების შეზღუდვა, ქვეყნიდან გაძევება, თუ არ შემოშვება. ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფეხვქეშ გათელვა. რას დავირქმევ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თუ კანონს არ ვარღვევ. არავის აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში ვინმეს გადაადგილება შეუზღუდოს. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა მის გაერთიანებას - ქურდული სამყარო, თუ ანგელოზთა დასი. როგორ შეიძლება ადამიანი მხოლოდ თავისი აზროვნების და მრწამსის გამო ქვეყანაში არ შემოუშვა და ციხეში ჩააგდო" - აცხადებს ნანა კაკაბაძე, რომელიც "კანონიერი ქურდების" უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებასაც გეგმავს.