ეკა ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს

ეკა ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს

ხორავას ქუჩის საქმეს და ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ, პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გადაცემაში “არჩევანი” გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ ის პროკურორ ფხაკაძეს არ დაიცავს.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსს არ უნდა მოსთხოვონ, თუ რატომ იმოქმედა კონკრეტულმა პროკურორმა არასათანადოდ. დეპუტატი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არ უნდა დაეწერა და არ უნდა მიეცა მითითება, ვინ უნდა დაიჭირონ.

„ახლა ხომ სააპელაციო სასამართლოშია საქმე, ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელია თქვა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, დაადგენს თუ არა მეორე ინსტანცია დავით სარალიძის მკვლელს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ სახელი და გვარი მიუთითოს, თუ ვინ უნდა დააკავოს, სწორედ ამიტომ, ბესელია ამბობს, რომ არ დაუჭირა მხარი “ევროპული საქართველოს” დასკვნას. მისი შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის დასკვნა არაკონსტიტუციური იყო.

„კრიტიკულად შეფასდა და მთავარი პროკურორი გადადგა ამ საქმის გამო. ახლა სააპელაციო სასამართლო ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის იმ განაჩენზე. ის განაჩენი სწორი იყო, რაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ გამოიტანა, რომელიც სხვათა შორის, უვადოდ დაინიშნა ახლა, თუ არა. იმ რვა მოსამართლეს შორის იყო, რომელიც უვადოდ დაინიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ გიორგი გაბუნიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ბესელია მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავთენტურობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.

ამასთან, როგორც მან თქვა, საუბრის ერთ-ერთ მონაწილესთან, ვიქტორ ჯაფარიძესთანაც, ჰქონდა კომუნიკაცია, რათა დაეზუსტებინა, იყო თუ არა ჩანაწერი რეალური.

ეკა ბესელიამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახმა მკაფიო პასუხი უნდა მიიღოს.