“საპატრიარქო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა

“საპატრიარქო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა"

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ. ციანოდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი ნიკა გვარამია ეხმაურება.

გვარამიას თქმით, მსგავსი განცხადებებით საპატრიარქო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა.

"საპატრიარქომ დღეს პრაქტიკულად ღიად მოითხოვა დეკანოზი მამალაძის პატიმრობაში დატოვება. ადამიანი არ არის დამნაშავე და რა მოინანიოს? ან საპატრიარქოს შუამდგომლობით შეწყალებულმა რომელმა პირმა აღიარა ან მოინანია დანაშაული? მაგალითად ბატონებმა ბათიაშვილმა, მირცხულავამ და ასე შემდეგ? რატომ ცრუობთ? თუ საეკლესიო დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს უნდა მოინანიოს, გაარჩიეთ შიგნით. რატომ გამოგაქვთ ეს საჯაროდ და რატომ ძალადობთ ერზე თქვენი შიდა საკითხებით? განსაკუთრებული ძალადობის ფორმაა "საეკლესიო ბედუკაძეობად" წოდებული რაღაც წერილი, რომლის გამოქვეყნებით ახლა უკვე საპატრიარქო გვემუქრება.

მანამდეც და ახლაც, მოვუწოდებ დეკანოზ მამალაძეს, თუ რაიმე შეცდომა დაუშვა და შანტაჟის ენით სცადა საკუთარი თავის მძიმე მდგომარეობიდან დახსნა (რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაში სავსებით შესაძლოა შეშლოდა), დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მეტიც, გაემიჯნოს ამ საქციელს. რაც შეეხება კარავს საპატრიარქოსთან, ეს მშვიდობიანი პროტესტის ფორმაა და არა შანტაჟი და სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხში არაა გათვითცნობიერებული განმცხადებელი.

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან, რაც უარესია, მისი დაკვეთით. იმიტომ, რომ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, ვისთვისაც დღეს ამოცანას წარმოადგენს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციული განადგურება, ბიძინა ივანიშვილია. და იგი მეთოდურად ასრულებს ამ ამოცანას და მასთან სინქრონული ქმედებები ცხადია აღძრავს მასთან ამ ამოცანის შესრულებაში თანამონაწილეობის ეჭვს" - წერს გვარამია ფეისბუქზე.  

სოციალისტი ვაა...? მართლა?! )))
6 წლის უკან