ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება – ეს ნარატივი გასაგებია, პასუხის გაცემას არ ვაპირებ

ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება – ეს ნარატივი გასაგებია, პასუხის გაცემას არ ვაპირებ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კომიტეტის სხდომა დასრულდა. ამის მიზეზი ის მთავარი განცხადება გახლდათ, რომელიც კობა გვენეტაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ ის მზად არის ყველაფერზე ისაუბროს თუ პასუხისმგებლობას კომიტეტის წევრები აიღებენ იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა, კომერციული ბანკისთვის ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, როდესაც კომიტეტის წევრებმა ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს განცხადება თითიდან გამოწივილი არ არის და ამის უკან ნამდვილად გარკვეული ლოგიკა დგას. ამის გამო კომიტეტის წევრებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ჩავთვალეთ, რომ რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა. ის მოვიდა, მაგრამ რადგან გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ ცნობად უნდა მიგვეღო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავითვალისწინეთ. მესმის, რომ აქ პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა იქნება, ერთგვარი შეფასებები გაკეთდება. მე იმ არგუმენტაციას და მოტივაციას გიხსნით, რაც ჩვენ გვაქვს. საუბარი დახურულ ფორმატზეც იყო, თუ მომავალში ამის აუცილებლობას დაინახავენ. დღეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება გახდა, იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც მის მიერ ამ დიალოგში შესვლა შეიცავდა,” – განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ხომ არ იყო დირექტივა, რომ საკომიტეტო განხილვა არ შემდგარიყო, კაკულიამ უპასუხა.

“დღეს ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ნარატივი გასაგებია. ამაზე პასუხის გაცემას მე არ ვაპირებ,” – დასძინა კაკულიამ.