მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა აბაშიძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შეაფასა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გავლა არაფორმალური მმართველობის გამოვლინება, სუბარი პასუხად განმარტავს, რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და მსგავსი კონსულტაციების გამართვა ბუნებრივი პროცესია.
„ზურაბ აბაშიძე ისევე როგორც მე, ისევე როგორც სხვა მრჩევლები, ვართ მთავრობის წევრები, ვართ გუნდის წევრები და ჩვენ კონსულტაციას გავმართავთ ნებისმიერ საკითხზე ყველასთან, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლით. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ჩვენი გუნდის ლიდერი, გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, თუ რაიმე საკითხი არის ისეთი, რომლის გავლაც მასთან არის საინტერესო, ბუნებრივია ყოველთვის მზად ვართ ამ კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გუშინ, ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა.