“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე, დიზაინერისა და ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის დირექტორის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომან გოცირიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ცნობილი მოდელიერის, კარლ ლაგერფელდის მიერ, რომელსაც ცოლ-შვილი არ ჰყავდა, თავისი ქონების დიდი ნაწილის, 200 მილიონის, საკუთარი კატისთვის დატოვებამ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ამ ქონებას კატა ვერც შეჭამს და ვერც გაანიავებს.
ლაგერფელდს 200 მილიონი სახელმწიფოსთვის რომ დეტოვებინა იმ დათქმით, რომ ეს ფული უსახლკარო ადამიანებს ან რაიმე წამლის გამოგონებას მოხმარდებოდა, იტყოდნენ- ”აი,კაცი”! სინამდვილეში ასეც მოხდა. კატის სიკვდილის შემდეგ ფული სახელმწიფოს დარჩება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადაანაწილა მთლიანად ადამიანებზე, ეს მხოლოდ მან იცის. ყველას დაუტოვა იმდენი, რამდენიც ჩათვალა საჭიროდ.
ამ ისტორიაში ის არის საინტერესო, რომ არსებობს სისტემა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის პიროვნულ არჩევანს და იცავს საკუთრების უზენაეს უფლებას.
კატის კი ნუ გშურთ. თურმე სამი მილიონი ჰქონია გამომუშავებული რეკლამაში”, – დაწერა გოცირიძემ და დაურთო კარლ ლაგერფელდისა და მისი კატის ფოტო.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი დიზაინერის 150-მილიონიანი ქონება მის საყვარელ კატას დარჩება. შუპეტი ლაგერფელდს 2011 წლიდან ჰყავდა და ფუფუნებაში აცხოვრებდა. კატას აქსესუარების საკუთარი ხაზიც აქვს, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს.
ის ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებშიც. ლეგენდარული დიზაინერი 19 თებერვალს 85 წლისა გარდაიცვალა.
კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატის, შუპეტის Twitter-ის გვერდზე განცხადებაც კი გავრცელდა.
„მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. ცივი და ახლა უკვე გატეხილი გულით ვგლოვობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ თქვენი კეთილი სიტყვები და სურვილები დამეხმაროს, რათა მამა კარლის გარეშე ვიცხოვრო და გავხდე დამოუკიდებელი ქალი,“- ნათქვამია განცხადებაში.