”თიბისი” ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საკომიტეტო სხდომაზე სიტყვის თქმის საშუალება არ მიეცათ. სხდომა ისე დასრულდა, რომ მათ განმარტებების გაკეთება ვერ მოახერხეს. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ მედიისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.
“მოწვეული ვიყავით საკომიტეტო სხდომაზე. ეს მოწვევა იყო უმცირესობის და უმრავლესობის მხრიდან. ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, არ მოვიდოდით, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები. მოვედით რომ გვეთქვა სიმართლე. პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება ტრიბუნა.
სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება, ტროლების, ფეიქ ნიუსების შემოტევა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ერთადერთი ადგილი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, საიდანაც ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მივცემდით სრულ, ობიექტურ ინფორმაციას.
ასევე, არ ვეთანხმებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ შესაძლებელია რაიმე ზიანი მიყენებოდა საფინანსო ინსტიტუტს. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, “თიბისის”, საკითხი ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას.
ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.