საერთაშორისო კონფერენცია ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში

საერთაშორისო კონფერენცია ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში

ხმელთაშუა ზღვაში ევროპული საკვლევი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში  საერთაშორისო კონფერენციის დანიშნულებაა კვლევები ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში. ევროპული სამეცნიერო საკვლევი ინფრასტრუქტურული პროექტის კონფერენცია ოთხ დღეს გასტანს და მასში 10-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე მეცნიერი მონაწილეობს.  კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის კოლაბორაციაში ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართული. „ჩვენი ჯგუფის წევრები მუშაობენ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე; მუშაობენ იმ მონაცემებზე, რომელსაც აზიარებენ უცხოელი პარტნიორები და ამუშავებენ მას. ამ პროექტის სამეცნიერო წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.  ამაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს მეცნიერებს, რომლებიც პროექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიხეილ ნიორაძის თქმით, ექსპერიმენტში ქართული ჯგუფის წვლილი ძირითადად ინტელექტუალურია. „ამ გრანდიოზული ექსპერიმენტის განხორციელება დაგეგმილია ხმელთაშუა ზღვაში და მასში მრავალი ქვეყნის ასზე მეტი ფიზიკოსი მონაწილეობს. ექსპერიმენტი ეხება ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკას, რომელიც არის უმთავრესი პრობლემა თანამედროვე ფიზიკის მეცნიერების. ნეიტრინო არის ის ნაწილაკი, რომელიც ურთიერთქმედების გარეშე გაივლის დედამიწის მთელ დიამეტრს და მას შეუძლია მოგვცეს ინფორმაცია შორეული გალაქტიკიდან. ამიტომ ნეიტრინოების ფიზიკა დიდ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში და დღეს ნეიტრინოს თვისებების შესასწავლად მრავალი ექსპერიმენტები ტარდება. ჩვენი ახალგაზრდებითა და მეცნიერებით ვიღებთ მონაწილეობას ამ დიდ და გრანდიოზულ ექსპერიმენტში,“ - განაცხადა მიხეილ ნიორაძემ.

გენუას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორმა მაურო ტაიუტიმ საერთაშორისო თანამშრომლობაში ქართული ჯგუფის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წვლილი ძალიან ღირებულია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავიდანვე მონაწილეობს ამ თანამშრომლობაში. ქართულმა ჯგუფმა წვლილი შეიტანა ფოტოსენსორების შერჩევაში. ახლა ისინი ჩართული არიან ამ პროექტის პროგრამულ უზრუნველყოფაში და მიღებული შედეგების ანალიზში. მათი ნამუშევარი დიდ ინტერესს იწვევს კოლაბორაციის თანამშრომლებში და სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ გამოიყენება,“ - განაცხადა პროფესორმა.

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და KM3NeT ერთობლივ კვლევებს აწარმოებენ ატრონაწილაკების ფიზიკის სფეროში, კერძოდ ნეიტრინოს ფიზიკაში კილომეტრ კუბური ნეიტრინოს ტელესკოპის დანადგარზე. KM3NeT საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევით ცენტრებს და უნივერსიტეტებს აერთიანებს, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი KM3NeT თანამშრომლობას 2017 წელს შეუერთდა. 

KM3NeT თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, კერძოდ იტალიის, საფრანგეთის და საბერძნეთის სანაპიროებიდან 40-100 კმ-ს დაშორებით შექმნას ევროპული საკვლევი ინფრასტრუქტურა, რომლის ძირითადი ელემენტები ნეიტრინული დეტექტორები იქნებიან.  საკვლევი ინფრასტუქტურის საშუალებით გათვალისწინებულია კვლევები ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში და ინტერდისციპლინარული კვლევები, მაგალითად ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში. კვლევებში თსუ მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც ჩაერთვებიან. 

კვლევებს ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში გამორჩეული ადგილი უჭირავს თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში. ნეიტრინოები ერთადერთ ფუნდამენტურ ნაწილაკებს წარმოადგენენ, რომელთა თვისებები ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში ბოლომდე არ არის გარკვეული.  ნეიტრინოების ასტროფიზიკას შეუძლია ისეთ კითხვებზე გაგვცეს პასუხი, თუ სად და როგორ ხდება კოსმოსური სხივების აჩქარება, თუ როგორ ხდება ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნა და რას წარმოადგენს  ბნელი (უხილავი) მატერია.  კვლევებმა ნეიტრინოების ფიზიკასა და ასტროფიზიკაში 4-ჯერ, 1988, 1995, 2002 და 2015 წლებში სამეცნიერო საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, ნობელის პრემია დაიმსახურა.