ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ხდება მმართველ გუნდში და რითია უკმაყოფილო პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მამუკა ბახტაძის თქმით, პლურალიზმი არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და მიმდინარე პროცესები არის დემოკრატიის თანმხლები.
„მინდა დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიმართ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ის იდეალები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს და რისთვისაც მივიღეთ საზოგადოების მხარდაჭერა 2012 წელს, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია აუცილებლად წარმატებით შესრულდება, ვინაიდან სწორედ ეს ფასეულობები გვაერთიანებს ჩვენ.
მე ვფიქრობ, რომ პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. მე მთავრობის წინა სხდომაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ჩვერ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება მე სწორედ განვიხილავ ამ კონტექსტიდან. ეს არის პლურალიზმი, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და დემოკრატიის ძალიან ბუნებრივი პროცესი. მე ამაში არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია, ეს ასეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, პლურალიზმი იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი დემოკრატიისთვის, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ დავეთანხმები. ეს საფუძველს მოკლებულია. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.