„ეს შესაძლოა ახალი „ოცნების“ ფორმირების პროცესი იყოს“

„ეს შესაძლოა ახალი „ოცნების“ ფორმირების პროცესი იყოს“

„სიტყვა „დაშლაზე" სადღეგრძელო მახსენდება - „ჩვენ დაშლა-არმოშლას გაუმარჯოსო" - მხოლოდ ყოფითი ასოციაციით არა, პოლიტიკური ასოციაციითაც არსებობს. გამორიცხული არ არის, თუ „ოცნება" ჩამოიშალა, მითუმეტეს უმრავლესობიდან ჟორჟოლიანის გუნდი გასვლის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის ძალიან ლოიალური და მშვიდი გუნდი იყო, „ოცნების" დაშლასთან ერთად, ახალი „ოცნების" ფორმირების პროცესიც იყოს; უფრო ზუსტად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების" რეანიმაციის პროცესი, თავისი ღირებულებებითა და მისწრაფებებით," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატების" თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მან და თავისი ფრაქციის წევრებმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ, - ამის შესახებ ჟორჟოლიანმა დღეს განაცხადა.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პარტია დატოვა, პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის.

რამდენად შესაძლებელია მმართველ გუნდში დღეს მიმდინარე პროცესებს „ქართული ოცნების" დაშლის დასაწყისად შეფასდეს? საყვარელის განცხადებით, ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს.

„ბესელია არის ყველაზე მკვეთრი გამხმოვანებელი, რომ იმ გუნდმა, რომელიც დღეს უმრავლესობაშია, 2012 წლის ღირებულბებს უღალატა და მისი გასვლის ნაბიჯიც სწორედ ამ ღირებულბებთან დაბრუნებას წარმოადგენს.

„ასეთი არის მის მიერ შეთავაზებული სტრატეგია - 2012 წლის ღირებულბებთან დაბრუნება, რაც სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილისეული სისტემის მოშლა იყო. სწორედ ამ ღირებულებებთან დამბრუნებელი გუნდი შესაძლოა ძალიან სერიოზულ მოვლენად იქცეს. ამ გუნდმა შეიძლება დაახლოებით ისეთივე მიმზიდველობა შეიძინოს, როგორც 2012 წელს ივანიშვილმა შეიძინა. გამორიცხული არ არის, რომ კრიტიკულ მომენტში ივანიშვილიც ამ გუნდში აღმოჩნდეს.

„შესაძლოა მოვლენები წავიდეს ისე, როგორც დღესაა: ივანიშვილი იცავს კობახიძესა და მისი გუნდის პოზიციას, კობახიძე და მისი გუნდი კი იცავს სააკაშვილის მოსამართლეების პოზიციას. თუკი ასე დარჩა, მაშინ ეს გუნდი მთლიანობაში დამარცხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„თუ ამ გუნდის გვერდით დარჩა ივანიშვილი, ისიც დამარცხდება. ცალკე მისი რეიტინგი ამ კონტექსტის გარეშე, რომ ის იყო სააკაშვილისგან განმათავისუფლებელი, მხოლოდ ქველმოქმედი ადამიანის რეიტინგია.

„ვეჭვობ ამას ვერ ხვდებოდეს ისეთი შორსმჭვრეტელი ადამიანი, როგორიც ივანიშვილია. დღეისთვის მისი მხრიდან მაინც ნაადრევია ნაბიჯების გადადგმა. ის პროცესების მსვლელობას დაელოდება, არჩევნებთან მიახლოების დროს და როდესაც ეს დისტანცია უკვე საიმისო იქნება, რომ მის ნაბიჯებს ხალხი დაიმახსოვრებს, ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც მას სააკაშვილის რეჟიმისგან, ანუ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისგან განმანთავისუფლების იმიჯს დაუბრუნებს, რასაც საზოგადოებისთვის ყველა მეტი ღირებულება აქვს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.