“ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური, სულისშემძვრელი იყო…” –

“ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური, სულისშემძვრელი იყო…” –

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო დაკავებულ პირებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

ბესელია განცხადებით, მისი ამოცანა და სურვილი არ არის, იხილოს გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო. მისი თქმით, ის ელოდება, რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი დანაშაულის.

“მოკლედ ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო – უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით- ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი. მე გავაკეთე ადრე განცხადება როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო. მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია.  არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე, სიზუსტე და სამართლიანობა.

მე როგორც დაზარებულს მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.

აქვე, მედიას მინდა მივმართო, ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გაუფრთხილდეთ ადამიანებს!

ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო!  – ასეც ვაპირებ გავაგრძელო როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ…”, – წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო 16 ახალგაზრდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მათ შორის 19 წლის ანა აროშიძეა, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ მამას უვლის. 31 იანვარს მან სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი მიიღო.

ახალგაზრდები პირად მიმოწერაში მსჯელობდნენ იყო თუ არა ამ კადრებში ის პოლიტიკოსი, რომლის მაკომპრომეტირებელი კამპანია მისივე გუნდის წევრებმა დაიწყეს, ეკა ბესელიას ამოსაცნობად ანამ ვიდეო თავის 3 მეგობარს გადაუგზავნა. რამდენიმე საათში კი შუაღამისას ანასთან სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა. ის დააპატიმრეს. მის მიერ გაგზავნილი ინტერნეტ ბმულის გამო მისი მეგობრებიც დააკავეს. ანა აროშიძის მამა ისე გარდაიცვალა, რომ შვილის მომავალი გაურკვეველი დარჩა, გოგონას თავდებში დასახსნელად დედამ მხოლოდ 100 ლარის სესხება შეძლო.

თუმცა, ეს ანას სიმართლისთვის საკმარისი არ არის, “ანა კრიმინალი არ არის” – ამ სახის კამპანია პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა”, ანას და დანარჩენი 16 დაკავებულის გასათავისუფლებლად დაიწყო.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მომღერალი გიორგი გასვიანია. მანაც ვიდეო სულ რამდენიმე წამი ნახა. მალევე ის დააკავეს, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მასაც გამოძიება კადრების გავრცელებას ედავება თუმცა ის ამბობს, რომ ვიდეო არავისთვის გადაუგზავნია და მხოლოდ თავად ნახა.