მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება. პოზიტიური ინფორმაციის მიუხედავად, სოციალურ ქსელში ჩიბათელი მასწავლებელი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი მაინც გახდა. ლადო აფახაზავას მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სოციალურ ქსელში მწვავე მიმართვით ეხმაურება:
“შური და ბოღმა დაგახრჩობთ! ბოროტებამ ტვინის არევა იცის… უკვე აღარც მეცოდებით…
ლადო აფხაზავათი უნდა ამაყობდეთ, პროფილის სურათად იყენებდეთ. ნეტავ, სულ არ შემომეხედა დღეს ამ სივრცეში…,” – წერს ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელდა.
ქართველი პედაგოგი, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ. ისინი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.
“როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერგმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერგმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს”, – განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა ჰიუ ჯეკმანმა სპეციალურ ვიდეოგზავნილში, სადაც მან 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ” მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ის ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით.
ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ის, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბაათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.