"დასანანია და მტკივნეული უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასანანი და მტკივნეულია უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა.

"ჩემთვის ძალიან დასანანია და მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი. მათ რიცხვს სავარაუდოდ, გია ჟორჟოლიანიც დაემატება.