სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. კადრები 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ორი ადამიანის, მამა- შვილის მკვლელობა აღიარა. მამას ორჯერ ესროლა, რისი თვითმხილველიც ბიჭი იყო, რომელმაც ტირილი დაიწყო, რაზეც კობაური გაღიზიანდა და თავზე მიბჯენით მოკლა მცირეწლოვანი ბიჭი. კობაური ჩვენებაში იხსენებს, რის გამო დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ არაფერს ამბობს ლორა სმიტის გაუპატიურების და შემდეგ მკვლელობის შესახებ. პირიქით, მან თავდაპირველად სულ სხვა ვერსია უამბო გამომძიებლებს.
მეუღლისა და შვილის მკვლელობა ლორა სმიტს არ უნახავს, ის ქმარ-შვილს ჩანჩქერზე არ გაჰყოლია. შესაბამისად ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. იგი მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით იყო, იმ ადგილას, სადაც კარავი იყო გაშლილი და სადაც ღამის გათენებას აპირებდა ოჯახი.
"იმედის კვირამ" ასევე მოიპოვა საქმის მასალებში დაცული ფოტოები, რომელსაც რამდენიმე დღეში სასამართლოზე წარადგენენ. კადრები საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ კობაური სამართალდამცველებს ათვალიერებინებს იმ ადგილს, სადაც მამა შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, კადრში ჩანს ჩანჩქერიც, რომლის ნახვაც უნდოდათ სმიტებს. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებულ ფოტოებში მოხვდა ის თოვლის ზვავიც, სადაც 5 დღის განმავლობაში იყო გადამალული მოკლული ბავშვის ცხედარი.