დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სასამართლოში 15000-მდე ხელმოწერა მიიტანეს. კირკიტაძეს თავდებში 27 პარლამენტარი და რიგითი მოქალაქეები უდგებიან.
დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, წინა პროცესზე დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით მიმალვის საფრთხე დასახელდა, ამიტომ მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს იმის დასტურად, რომ კირკიტაძე მიმალვას არ აპირებს.
"ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას პატიმრობის შეწყვეტაზე. დღეს არის საქმის არსებითი განხილვა. აქ მიმდინარე პროცესების პარალელურად, ვამზადებთ სარჩელს, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს. 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელისთვის ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო, 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა.