„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძე, კოჯორში, იუნკერების მემორიალის ყვავილებით შეამკო.
იუნკერთა მემორიალთან, ბაქრაძემ განაცხადა, რომ საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.
"საქართველოს მთელი ისტორია არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსა და თავისუფლების დაცვისთვის. იუნკერების თავგანწირვა არის ამ ბრძოლის ერთი ნამდვილად სასახელო და გამორჩეული ეპიზოდი. საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. საქართველო დღესაც არის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად, ამიტომ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერებს, ვიხსენებთ მათ თავგანწირვას.
ყველაზე დიდი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის და საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე, ეს არის საქართველოს თავისუფლების დაცვა, ეს არის საქართველოს გამთლიანება და საქართველოს დაბრუნება ევროპაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.