საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ზოგადად, ინვესტორების ნდობას.
პრემიერმა საზოგადოებას „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება მიულოცა და განმარტა, როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე აღნიშნული წინსვლა.
„ყველას გილოცავთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკები გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდეც უფრო გაიაფდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესება რეიტინში ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.
„რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად, ინვესტორების ნდობას. ის აისახება პოზიტიურად ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.