ედპ-ს ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებას, რომ საქართველოში, წინარევოლუციური განწყობაა, რამაზ საყვარელიძე ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში, საპროტესტო აქციების მასშტაბი და სიხშირე იმის ფიქრის საფუძველს არ იძლევა, რომ საზოგადოებას რევოლუცია სურს.
„ამ შემთხვევაში სიტყვით „რევოლუცია" ქარდავამ ზვიად კუპრავას მხარდაჭერა გამოუცხადა. იმის მიუხედავად, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია" აქცენტს ყოველთვის დასავლურ სტანდარტებზე აკეთებს, რევოლუციისკენ მოწოდება ამ ღირებულებებიდან გადახვევაა, რაც ადრეულ პერიოდებთან და ბოლო ხანების აღმოსავლურ პრაქტიკასთან გვაბრუნებს, როცა გადატრიალება ბუნებრივი მოვლენა იყო", - განაცხადა „რეზონანასთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, არჩევნები სწორედ იმისთვის მოიგონეს, რომ ხელისუფლების ბედი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.
„ისიც მნიშვნელოვანია რევოლუციის ბარიკადებზე ვინ დგება, საზოგადოება რევოლუციამდე ვის მიჰყავს. ხალხში, „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დაბალია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც აისახა. ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ქართველი მოსახლეობისთვის, ზოგადად, რევოლუცია და, მითუმეტეს, „ნაციონალების" მეთაურობით მოწყობილი, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ გადატრიალების მცდელობა უშედეგო იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.