ჩვენ აგრესორები ვართ... ბოლო 20 წელიწადში 4 ომი დავიწყეთ

ჩვენ აგრესორები ვართ... ბოლო 20 წელიწადში 4 ომი დავიწყეთ

კანადაში გადასახლებულმა რუსეთის სახალხო არტისტმა, ალექსეი სერებრიაკოვმა რუსეთს ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ომის, მათ შორის საქართველოსთან და უკრაინასთან დაპირისპირების პროვოცირებაში დასდო ბრალი. მსახიობის მიერ პუტინის რეჟიმის კრიტიკა რეზონანსული გამოდგა - სერებრიაკოვის სიტყვების შემდეგ, მას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე მწვავე კრიტიკოსები. გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მსახიობს ყოველგვარი წოდება ჩამოართვან და მისი სახელი საერთოდ დაივიწყონ, რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერებრიაკოვი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

მორიგი მსგავსი განცხადება 2012 წელს ოჯახთან ერთად კანადაში ემიგრირებულმა მსახიობმა ალექსეი სერებრიაკოვმა 23 თებერვალს, ლონდონში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა.

სერებრიაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს სულ მცირე ოთხ ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყებაში მიუძღვის ბრალი. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება ისტორიას აყალბებს, რათა გაამართლოს თავისი ქმედებები:

„ახლა ჩვენ მტრების გარემოცვაში ვიმყოფებით და იძულებულები ვართ, რომ ფსევდოპატრიოტიზმი გამოვიჩინოთ... უკანასკნელო 20 წლის განმავლობაში რუსეთმა რამდენიმე ომი შექმნა, ჩვენ აგრესორები ვართ - ვგულისხმობ საქართველოს, ჩეჩნეთს, უკრაინას, სირიას, ასევე აფრიკის ქვეყნებს", - განაცხადა ცნობილმა მსახიობმა.

სერებრიაკოვს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოეხმაურენ.

„ის, რაც ხდება, ჩანს, რომ ერთი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია. ეს არის რუსეთის დისკრედიტაციაზე მიმართული პიარ აქციის რგოლები", - განაცხადა დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალექსანდრა შოლოხოვამ.

ორგანიზაცია „ურალის მშობელთა კომიტეტი" გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სერებრიაკოვს ჩამოართვას ყველა წოდება, რაც კი გააჩნია მსახიობს.

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა იური ლაზამ რუს ხალხს მოუწოდა, რომ მსახიობი სამუდამოდ დაივიწყონ:

„როგორც კი მორჩებით მის ხსენებას, მიხვდება (სერებრიაკოვი), რომ ქვეყანას ის აღარ სჭირდება. ასეთი ხალხისთვის ყველაზე საშინელი მათი დავიწყებაა", - თქვა იური ლაზამ.

მაგრამ კრიტიკოსების გარდა ალექსეი სერებრიაკოვს მომხრეებიც გამოუჩნდნენ. კერძოდ, რუსმა მსახიობმა ალექსეი პანინმა „ტვც"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეთანხმება სერებრიაკოვის ნათქვამს:

„ის, რაც მან (სერებრიაკოვმა) თქვა, ესმის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელსაც გააჩნია ინტერესი ისტორიის მიმართ და რომელსაც სურს სიმართლის გაგება. ალექსეი სერებრიაკოვმა ყველაფერი სწორად თქვა. სხვათა შორის, მისი აზრები ჩემს აზრებს აბსოლუტურად ემთხვევა", - ამბობს ალექსეი პანინი.

მსახიობმა ალექსეი აგურცოვმა კი სერებრიაკოვი გააკრიტიკა.

„სსრკ-ში დაბადებულს, სსრკ-ში აღზრდილს არ აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მიიღო განათლება, ჭკუა და გონება", - თქვა აგურცოვმა.

„მეხუთე არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა დიმიტრი დიუჟევმა განაცხადა, რომ ზოგადად, პოლიტიკა მსახიობის კომპეტენციაში არ შედის.

„რატომ ვუსმენთ მსახიობებს? ნუთუ შეიძლება, რომ ეს სწორი იყოს? მობრძანდით თეატრში, მოუსმინეთ როლებს და ამ ცხოვრებაში ყველაფერი გაწონასწორებული იქნება. ის (სერებრიაკოვი) დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს.

„პოლიტიკაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა, მსახიობებს კი მხოლოდ იმედის დანერგვა შეუძლიათ, რომლის მიხედვითაც რუსეთი ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესია, ხოლო რუსი ერი - საუკეთესო და ყველაზე საყვარელია", - განაცხადა დიმიტრი დიუჟევმა.