"ქართული ოცნებიდან" და საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა ყველაზე მეტად "ევროპულ საქართველოს" დააზარალებს. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების“ უმრავლესობას კიდევ 2 ადამიანი დატოვებს, უმცირესობა დაიშლება. შესაბამისად, "ევროპული საქართველო" და მისი ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, უმცირესობის და მისი ლიდერის სტატუსს დაკარგავენ.
როგორც "2020NEWS“-ს პარლამენტის საპროცედურო და წესების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გაგა კახიანმა განუცხადა, თუ უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რაოდენობა გახდება 40, "ევროპული საქართველო“ ავტომატურად დაკარგავს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს. ამ დროისთვის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის გარეთ 38 დეპუტატია.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა ოფიციალურად დატოვეს "ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დროისთვის 112 დეპუტატი დარჩა. თუმცა ამ შემადგენლობას დიდი ალბათობით, ორშაბათს გედევან ფოფხაძეც გამოაკლდება და ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო გუნდი 111 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
კულუარებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ე.წ. "ამბოხებულ" დეპუტატთა და მათ თანამოაზრეთა რიცხვი საკმაოდ დიდია. თუ მათ გაბედეს და უმრავლესობა დატოვეს, მე-9 მოწვევის პარლამენტში სრულიად ახალი კონფიგურაცია შეიქმნება. ბიძინა ივანიშვილს კვლავ ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტი არსებობას გააგრძელებს უმცირესობის გარეშე, რადგან ალბათობა იმისა, რომ პარლამენტში არსებული პოლიტიკური სუბიექტები შესაძლოა უმცირესობაში გაერთიანდნენ, პრაქტიკულად არ არსებობს.