ვუყურებ ადამიანებს... ბევრ მათგანს უბრალოდ ქულების დაწერა სურს

ვუყურებ ადამიანებს... ბევრ მათგანს უბრალოდ ქულების დაწერა სურს

„მექანიზმი რამდენად არის კანონიერი, როგორ შეიძლება მათი გამოწვევა - არ ვიცი და წინასაწარ ვერაფერს ვიტყვი. როგორც ნებისმიერი ჩვენთანაგი, თამარიც (თამარ ჩუგოშვილი) გამოსავალ ვერსიებს გვთავაზობს. ვნახოთ, კანონში როგორ არის გაწერილი, ამისათვის რა ვითარებაა, რომ ეს გამოწვევა მოხდეს. ალბათ, ეს იქნება მსჯელობის საგანი და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება," - აცხადეს „ქართული ოცნების" წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება.

ჩუგოშვილის ინიციატივის თანახმად, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მისი კვოტით დანიშნული 5 წევრი უკან უნდა გაიწვიოს, რის შედეგადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ვეღარ მოხდება. ამ დროისთვის პარლამენტის კვოტით დანიშნული წევრები არიან: შოთა ქადაგიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

„მთავარი ამოცანა არის, რომ პარლამენტმა შეძლოს ძალიან სწრაფად ამ რეგულაციების გაწერა, თუ როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები. საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს კანდიდატები რა პროცესს გადიან და როგორ მოდიან ისინი პარლამენტში, როგორ ამტკიცებს მათ პარლამენტი და რა პრინციპებით ირჩევენ ისინი მოსამართლეებს.

„ყველა შემოთავაზებასა და იდეას განვიხილავთ და რომელიც იქნება საჭირო, აუცილებელი და პრობლემის გადამწყვეტი, რასაკვირველია, განხილული იქნება და მხარდაჭერილი," - განაცხადა პაპუაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მოსამართლეთა საკითხის ირგვლივ ყველა საუბრობს და მსჯელობს, რაც რეალურად „ქულების დაწერისთვის" კეთდება.

„ვისაც ესმის ეს თემა და ვისაც არ ესმის, ყველა რაღაცნაირად მაღალ ტონალობაში ლაპარაკობს. გასაგებია, რომ ეს მსხვილი, მსუყე ლუკმაა, ყველას უნდა თემაში შემოვიდეს, ყველამ თავისი თქვას, ამაზე ქულები დაიწეროს. ვუყურებ ადამიანებს, ბევრ მათგანს ამ ქულების დაწერა სურს.

„ემოციებისა და ნერვების გარეშე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გარედან რაღაც ყიჟინებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი ხელქვეითი არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სამსახურების, არეულობისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს პროცესი. ვისაც აქვს უფლება და ვისაც არ აქვს, ყველა ამ სასამართლოზე ლაპარაკობს. დაწყნარდნენ, დამშვიდნენ... კანონიერად, ხარისხიანად გადაწყდება ეს საქმე," - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, 21 თებერვალს პარლამენტმა ჩააგდო იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების შესახებ, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პარტია დატოვეს. მოგვიანებით ფრაქცია ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი დაგროვებითი პენსიის შესახებ წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდება გახდა.