კიევში ორი „კანონიერი ქურდი" და რუსი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ამის შესახებ "ფეისბუქში" უკრაინის ნაციონალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ აბროსკინი წერს.
„უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს „კანონიერი ქურდი" „ნოდარ რუთავსკი", ასევე დამნაშავე, რუსი კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „ნახევრადმხეცი" და მათი მოკავშირეები. ჩვენ განვიხილავთ ამ მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევებს საკითხს" - წერს აბროსკინი.
ცოტახანში მან სოციალურ ქსელში დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
"წარმატებული დღე გვაქვს - ჩვენს ქვეყანაში „კანონიერი ქურდების" შემოსვლის ხუთწლიანი აკრძალვის მიუხედავად დღეს პოლიციის თანამშრომლებმა მორიგ ჯერზე „თენგო გალსკი" დააკავეს".
როგორც „კანონიერი ქურდი" აცხადებს ის სამკურნალოდ ჩავიდა კიევში.
„რა მოხდება შემდეგ? ჯადოსნური პანღური და სამკურნალოდ უკან საქართველოში გაბრუნება" - წერს ვიაჩესლავ აბროსკინი.
"თენგო გალსკი", რომლის ნამდვილი სახელი თენგიზ ჭარაია გახლავთ უკრაინაში 2016, 2017 და 2018 წლებში ოთხჯერ იყო დაპატიმრბული და ქვეყნიდან გაძევებული. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, მეხუთე ჯერზე მას დეპორტაციას საქართველოში გაუკეთებენ.
რაც შეეხება "ნოდარ რუსთავსკის", ის 45 წლის ნოდარ ასოიანი გახლავთ. ბოლოს მისმა სახელმა გავლენიანი ქართველი "კანონიერი ქურდის" გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის კონტექსტში გაიჟღერა. ზვიადაძე, 2018 წლის 9 აპრილს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა ასევე ქართველ „კანონიერ ქურდი", 26 წლის გიგა პეტრიაშვილი, რომელსაც „პროფესორის" მეტსახელით იცნობენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის უკან ე.წ. „რუსთავის კლანი" დგას, კერძოდ კი გაიჟღერა „კანონიერი ქურდის" ნოდარ ასოიანის, იგივე „ნოდარ რუსთავსკის" გვარმა, რომელთანაც ბოლო პერიოდში გაიოზ ზვიადაძეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის კონფლიქტი როსტოვის ოლქში გავლენების გადანაწილებასა და ბიზნესზე კონტროლის მოპოვებას უკავშირდებოდა.
"პრაიმტაიმი"