საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა სკაიპით კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ჩაერთო.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამგვარი პირადი კომუნიკაცია აუცილებელია და ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებამდე კარგად მიიტანონს ყველა ის სიკეთე და პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მთელ რიგ დიასპორულ პროექტებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. ამ კუთხით, მიხეილ ნინუამ განსაკუთრებული ყურადღება მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც უკვე ათასამდე პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, ამ პროგრამის წარმატება სწორედ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობის შედეგია.
„მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის განვითარებაში“ – აღნიშნა ნინუამ.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მიხეილ ნინუამ 2019 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 500 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ დისაპორული ორგანიზაციების, არამედ უცხოეთში მცხოვრები ფიზიკური პირების პროექტებისა და იდეების დაფინანსებას მოხმარდება. პროექტები კომისიური განხილვის შედეგად შეირჩევა და პრიორიტეტები დიასპორული პროფილების მიხედვით განისაზღვრება.
დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას საზაფხულო ბანაკების ორგანიზება წარმოადგენდა. მინისტრის მოადგილის თქმით, საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ბავშვების სამშობლოში ინტეგრაციაა. ამასთან, მოზარდები შეიძენენ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას, გაიცნობენ ახალ მეგობრებს, კარგად დაისვენებენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდებიან ოჯახს.
მინისტრის მოადგილემ მშობლიური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მშობლიური ენისა და კულტურული თითმყოფადობის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით, საკვირაო სკოლებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია“.- აღნიშნა მიხეილ ნიუამ. მიხეილ ნინუას თქმით,საკვირაო სკოლის გახსნა კვიპროსში 3 მარტსაა დაგეგმილი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა. ეს პროგრამა, ქართული ენის კურსის ფარგლებში, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გულისხმობს.
დიასპორის წარმომადგენლებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმიმართა. მინისტრის მოადგილემ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მოქალაქეობის, საზღვარგარეთ ლეგალური ცხოვრებისა და დასაქმების, განათლების თემებზე.