"ევროპული საქართველო" თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა "ევროპული საქართველო" თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს,  განცხადება ამის შესახებ ოთარ კახიძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით, "ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ყველა კრიზისს რამენაირად მოაგვარებს.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს საკუთარი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე წევრებს უნდა ჩამოერთვათ ექსკლუზივი და მონოპოლია, რომ პარლამენტს მხოლოდ მათი გაფილტრული სია მოუვიდეს და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მაგალითად, ქალბატონ ნაზის ან ქალბატონ ანას მიეცეთ იმის საშუალება, რომ პარლამენტს წარუდგინონ თავიანთი კანდიდატურა.

ქალბატონი თამარის ამ ინიციატივასაც მხარს დავუჭერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს. ეს ინიციატივა არის ლოგიკური და სრულიად ლეგიტიმური და მიუხედავად სხვადასხვა კითხვებისა, ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს. ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი უმძიმესი მდგომარეობიდან," - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.